ქალაქ წალკაში პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო  სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში  ახორციელებს.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გივი მიქანაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს.

 პროექტის ფარგლებში სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

 სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.  უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით.

 აღსანიშნავია, რომ 645 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 6  170 000 ლარზე მეტია, რომლის დასრულების შემდგომ სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სკოლის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.

 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად წალკის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ.

 სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია დასრულდება.