სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გურიაში, სოფელ გორაბერეჟოულის და სოფელ ხაჯალიის სკოლები გახსნეს.
სააგენტოს დირექტორთან ერთად, სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს.
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
სკოლა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი და ადაპტირებული სანიტარული კვანძები.
სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით. პროექტის ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია.
რაც შეეხება 200 მოსწავლეზე გათვლილ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლას, შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით. პროექტის ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.