ქალაქ ბათუმის დრამატულ თეატრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო . საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერებით ქალაქ ბათუმის 180 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა.
მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.
კომპიუტერები ბათუმის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცა, თუმცა ეს პროცესი გაგრძელდება და 2024 წელს ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5000-მდე მოსწავლე დაჯილდოვდება.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. წელს საქართველოს მასშტაბით ასეთი 5000-მდე მოსწავლე დაჯილდოვდება. 2024 წელს აჭარის რეგიონში ჯამში 396 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან 180 ბათუმის სკოლებში სწავლობს.
ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა.