თბილისის 127-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისში სამგორის რაიონში N127 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს 4 ფლიგელისგან შემდგარი, ჯამში 5400 კვ. მეტრზე მეტი ფართის შენობის გამაგრება / სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის 127-ე სკოლა, გასული საუკუნის 60-იან წლებში, უსინათლოთა საზოგადოების მიერ აშენდა. დღესაც სკოლის მოსწავლეთა ნაწილი მცირედ მხედველია, ამასთანავე სკოლაში სხვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც სწავლობენ. აღნიშნულის გათვალისწინებით სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე: მოეწყობა პანდუსები და 3 ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები. იფუნციონირებს ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.

თანამედროვე სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

სკოლაში მიმდინარე სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ და საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ მოინახულეს.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 8 900 000 ლარზე მეტია, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს. რომლის დასრულების შემდეგ სკოლა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით.

შედეგად 2025 წლიდან თბილისის 127-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები სასწავლო პროცესს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურითა და რესურსებით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს.

სამუშაოების დასრულებამდე სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი თბილისის 153 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს; მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირებას სკოლამდე და უკან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.