საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას.
პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შვიდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული რეაბილიტაცია, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო რესურსით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დაიწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. სკოლა ასევე სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.
შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტული და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.
2,5 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით.