სსიპ ქალაქ რუსთავის №7 საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესაბამისად აგრძელებს საჯარო სკოლების მშენებლობა / რეაბილიტაციას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 პროექტი მოიცავს სკოლის შენობების გამაგრება/სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას: რემონტდება სახურავი და ფასადი; საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები; ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა; კეთდება ლიფტები, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

 სკოლა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; ბიბლიოთეკა და სასადილო; სკოლა უზრუნველყოფილი იქნება რეკრეაციული სივრცეებით და სპორტული ინფრასტრუქტურით. სააგენტო სკოლის ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვას სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამატებით, უზრუნველყოფს.

 5 500 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლის  რეგიონში გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

სამუშაოები, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესები დაცვით მიმდინარეობს, 2024 წელს დასრულდება. შედეგად, სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე და მათი მასწავლებლები, მომავალი ახალი სასწავლო წლიდან სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს.