პრემიერის გადაწყვეტილებით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლას უტარდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბურ პროექტს, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პრემიერის პროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ ბოლნისის N3 სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მოიცავს სკოლის ეზოს კეთილმოწყობას და შენობის გამაგრება/ სრული რეაბილიტაციას.
რემონტდება შენობის სახურავი და ფასადი; სკოლის შიდა ეზოში დემონტაჟი უტარდება ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს; რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები; იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი; ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. გათბობის ახალი სისტემისთვის შენდება საქვაბე.
სკოლა სრულად ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: ეწყობა ლიფტი (ამწე), პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები; რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.
სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სასწავლო სივრცეების პარალელურად მოსწავლეთა განვითარებისა და სოციალური ადაპტაციისათვის მოეწყობა ბიბლიოთეკა, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
3 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს სკოლის აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
შედეგად, 2024 წლიდან, ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.