ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა  2023-2024 სასწავლო წელს ახლად რეაბილიტირებულ სივრცეში აგრძელებს

 სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის  რეგიონში გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ახლად რეაბილიტირებული  რუსთავის N18 საჯარო სკოლა მოინახულეს.

 რუსთავის N18 სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით განხორციელდა.

 2 მილიონ ლარზე მეტი  ღირებულების პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა შენობის ორივე კორპუსს: გარემონტდა სახურავი და ფასადი; საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები; გამოიცვალა კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი; მოეწყო კომპიუტერული ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.

 სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. მოწყობილია რეკრეაციული გამწვანებული სივრცეები.

 სკოლა სრულად არის აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რისთვისაც სააგენტოს მიერ ჯამში 100 000 ლარამდე ღირებულების სასკოლო ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი დამატებით იქნა შეძენილი.

 სააგენტოს მიერ განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, ახალი 2023-2024 სასწავლო წლიდან, რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის 1080 მოსწავლე და მათი მასწავლებლები სწავლას აგრძელებს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურითა და რესურსებით უზრუნველყოფილ, კომფორტული და უსაფრთხო სკოლაში.