ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლა გაიხსნა

თბილისის N138 საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე და მათი მასწავლებლები სასწავლო პროცესს ახლად აშენებულ საგანმანათლებლო სივრცეში აგრძელებს.

 ქალაქ თბილისში, თემქის დასახლებაში ავარიული სკოლის ნაცვლად 650 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა.

 თბილისის 138-ე საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა და მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის ახალ შენობაში გაგრძელება პირადად მიულოცა.

 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებსა და აღჭურვაზე 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.

 ახალი სკოლის სამსართულიანი შენობა გათვლილია 650 მოსწავლეზე; სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეებზე: აქვს  ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები და პანდუსები; უზრუნველყოფილია გათბობა / ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების  სისტემებით.

 სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები. მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისთვის მოწყობილია რეკრეაციული ზონები.

 სკოლა სრულად აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო და საოფისე ავეჯითა და ინვენტარით.