ნოემბრიდან თბილისის N138 საჯარო სკოლა

სასწავლო წელს ახლად აშენებულ სივრცეში გააგრძელებს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისში, თემქის დასახლებაში, ავარიული სკოლის ნაცვლად 650 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა.

 სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლა მოსწავლეების მიღებას ნოემბრიდან შეძლებს. ამჟამად მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს: ეზოსა და ფასადის მოპირკეთება, დასუფთავება და სკოლის აღჭურვა.  მიმდინარე  სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ადგილზე დაათვალიერა.

 ახალი სკოლის სამსართულიანი შენობა გათვლილია 650 მოსწავლეზე; სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეებზე: აქვს  ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები და პანდუსები; მოწყობილია გათბობა / ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების  სისტემები;

 სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები;

 9 120 000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.

 სკოლა აღჭურვილი იქნება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო და საოფისე ავეჯითა და ინვენტარით, რისთვისაც სააგენტოს მიერ ჯამში 160 000-მდე ლარის ღირებულების მერხები, დაფები, საოფისე ავეჯი, პროექტორები, კომპიუტერები და სხვა საჭირო ინვენტარი იქნა შეძენილი.

 შედეგად, ნოემბრიდან, თბილისის N138 საჯარო სკოლის 700-მდე მეტი მოსწავლე და 56 თანამშრომელი სასწავლო პროცესს ახალ, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სივრცეებში გააგრძელებს.