სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად ახორციელებს 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და 2027 წლისთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს: ძირითადი სასწავლო და დაწყებითების კორპუსების, ასევე სპორტული დარბაზის და ეზოს სრული რეაბილიტაცია; იცვლება სახურავი, რემონტდება ფასადი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები. ეწყობა კომპიუტერული, სახანძრო სიგნალიზაციის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. გათბობის ახალი სისტემისთვის შენდება საქვაბე.
სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: ეწყობა ლიფტი (ამწე), პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.
ეზოში დემონტაჟი უტარდება ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს, რომლის ადგილზე მოეწყობა მრავალფუნქციური, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა რეკრეაციული გამწვანებული სივრცე.
სკოლა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით: სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სააქტო დარბაზი.
სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 600 000 ლარზე მეტია, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს და 2024 წლის ზაფხულში დასრულდება.
შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან ახალქალაქის სკოლა მოსწავლეებს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.