სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბურ პროექტს, რომელიც 2027 წლისთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა.
3 500 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და მოიცავს 2 სართულიანი შენობის გამაგრება/სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებში რემონტდება: შენობის სახურავი და ფასადი; იცვლება წყალსაწრეტი მილები; რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე, სააქტო და სპორტული დარბაზები. იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. სკოლის შიდა ეზოში დემონტაჟი უტარდება ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს, რომლის ადგილზე გათბობის ახალი სისტემისთვის შენდება საქვაბე.
სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: ეწყობა ლიფტი (ამწე), პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი.
სკოლა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. აღჭურვას სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დამატებით უზრუნველყოფს.
შედეგად, 2024 წლიდან, დიდი დმანისის სკოლა მოსწავლეებს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.