სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალას საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
სკოლის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სკოლის შენობის გამაგრება / სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას: ამჟამად შენობის სახურავი რეაბილიტირებულია და მიმდინარეობს საძირკვლის და შიდა ტიხრების გამაგრება; პრეოქტი ასევე მოიცავს ფასადის, საკლასო ოთახების, სველი წერტილების, დერეფნების, კიბის უჯრედების, ადმინისტრაციული ნაწილის, ფოიეს, ბუფეტის, სააქტო და სპორტული დარბაზების რეაბილიტაციას. ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, წყალ-კანალიზაციის, გათბობის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: კეთდება ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.
დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა: მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვის სკოლის შიდა ეზოში მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი.
4 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით, რასაც სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს.
შედეგად, მომავალი ახალი სასწავლო წლიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალას 250-ზე მეტი მოსწავლე და მათი მასწავლებლები სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტული და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.