სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი  და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ახლად რეაბილიტირებულ თბილისის 147-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში, სადაც 2150 მოსწავლე სწავლობს, ყველა პირობაა  შექმნილი, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ.

შენობაში სასწავლო სივრცეებთან ერთად სრულად რეაბილიტირდა  სააქტო და სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები და სამედიცინო ოთახი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის – მოწყობილია პანდუსი, ადაპტირებულია სველი წერტილები და დამონტაჟებულია ლიფტი.

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 2 671 218  ლარია,  ასევე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სტადიონი  და განხორციელდა  სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.