სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თბილისის 131-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ თბილისის 131-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის შენობის სამივე ფლიგელს: გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები და ადმინისტრაციული ნაწილი. გამოიცვალა კარები, განათება და იატაკი. რეაბილიტირდა გათბობის სისტემა, მოეწყო ინტერნეტისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია, სასადილო, ბიბლიოთეკა, ექიმისა და რესურს ოთახები.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლის 1200-მდე მოსწავლეს და 64 თანამშრომელს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო.

პროექტი საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა და მისი ღირებულება 500 000 ლარამდეა.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.