150 სტუდენტზე გათვლილი სასწავლებელი მულტიპროფილური იქნება და ახალგაზრდებს რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამებს შესთავაზებს: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, განათლებისა და მომსახურების სფეროს მიმართულებით.
თანამედროვე ტიპის ერთსართულიანი შენობა სრულად ადაპტირებული იქნება და სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა ადმინისტრაციული ნაწილი, ლაბორატორიები, სასადილო და საცხოვრებელი ზონა.
ლანჩხუთის კოლეჯის მშენებლობით პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნება გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. ლანჩხუთის კოლეჯი ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო ბაზა იქნება და 2022 წელს უკვე შეძლებს სტუდენტების მიღებას პროფესიულ პროგრამებზე.
პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, ამას მოწმობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი.