შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.
ღონისძიებას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი დავით ფარცვანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროექტით 250 სტუდენტზე გათვლილ თანამედროვე ტიპის შენობაში სრულად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები; ზედა სართულების ხელმისაწვდომობის მიზნით იფუნქციორებს ლიფტი, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.
პირველ სართულზე განთავსდება სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე რეკრეაციული სივრცე , რეპორტიორობის – ჟურნალისტიკის პროგრამები, ბუღალტრული აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, საოფისე საქმის სასწავლო პროგრამა და სამასწავლებლო.
ამ ეტაპზე პროფესიული სწავლება უნივერსიტეტის არსებულ კორპუსში მიმდინარეობს, პროფესიული განათლებისთვის ცალკე შენობის არსებობა კი მეტ აუდიტორიას და, შესაბამისად, მეტი მიმართულების სწავლებას ნიშნავს.
კოლეჯის მშნენებლობა ზუგდიდისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას, ისე შემდგომში მათ დასაქმებას.
პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, ამას მოწმობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი.