სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელობით დიდი დიღომში მეგა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება.
ახალი განათლებისა და მეცნიერებისა ქალაქის პროექტის ფარგლებში 186-ე საჯარო სკოლის 1300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
შენობა A და B ბლოკებისაგან შედგება – A ბლოკში განთავსდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, B ბლოკი კი განკუთვნილია საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით არის დაკავშირებული. მათი კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება წარმოქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც სათამაშო და დასასვენებელი ზონები მოეწყო.
ევროპული სტანდარტების სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი, გარე მოედნები. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა პირადად მიულოცეს.