სოფელ ხოვლეში ახალი სკოლა აშენდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაახლეს. 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან დავით ფარცვანიასთან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან ერთად მოინახულა.სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. მშენებლობისას გამოყენებული იქნა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. პროექტის ღირებულება 3,530,000 ლარია.სკოლის შენობა გადასასვლელი დერეფნით უკავშირდება არსებულ კორპუსს. საკლასო ოთახები მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით. სკოლაში განთავსებულია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კლასები, ხელოვნების ოთახი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი და სასადილო. მალე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი.სირთულეების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებდა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.