თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახლადაშენებულ შენობაში დაიწყეს

120 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: მოეწყო პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლაში ფუნქციონირებს სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები. შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.  ეზოში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე.

სირთულეების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. ინფრასტრუქტურულ სამუშაოების ძირითადი ნაწილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელდა. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდანაც.

 მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.