თბილისში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას. ისანი-სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე, თბილისის 90-ე და 172-ე საჯარო სკოლებში სარეაბიალიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, პროცესს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია გაეცნო. თბილისის N90 საჯარო სკოლას ექნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები. შენობა ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, იფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყობა სპორტული მოედანი, გამწვანდება სკოლის ტერიტორია. თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას, ახალ თანამედროვე სასწავლო გარემოში გააგრძელებენ. სკოლის შენობის ოთხივე სართულზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს საკლასო ოთახების, დერეფნებისა და სველი წერტილების განახლებას. პროექტით ასევე გათვალისწინებულია გათბობის მოწყობა, კარ-ფანჯრებისა და ელექტროობის სრულად შეცვლა. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. აღსანიშნავია, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დაიწყო მასშტაბური პროექტები სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მშენებლობის მიმართულებით.