ქალაქ ბათუმის „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლისა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა სამშენებლო კომპანია „დაგთან“ ღირებულებით 11 399 994,04 ლარი.
„განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია მოიცავს ერთ სივრცეში განთავსდეს – ე.წ. ,,კომაროვის სკოლა“, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული სასწავლებლი „ბლექსი“, მულტიფუნქციური ცენტრი, ხელოვნების სკოლა-რომელიც გააერთიანებს რამდენიმე სკოლისგარეშე სახელოვნებო მიმართულებას და რეკრეაციული ზონა.
განათლების ქალაქის მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ზვიად როსტომაშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან თინა ზოიძესთან ერთად დაათვალიერა.
განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე გარემოში წარმართვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდა, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
სამშენებლო ობიექტი ასევე, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.