სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო „განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის“ ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ პირველი ეტაპით გათვალისწინებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეფორმის ფარგლებში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც თბილისის N155 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს შპს „აისი“ ახორციელებს და სახელშეკრულებო ღირებულება 544 151 ლარია.
სამუშაოები სკოლის ოთხივე სართულზე მიმდინარეობს და მოიცავს საკლასო ოთახებს, დერეფნებს, კიბის უჯრედებს და სველ წერტილებს. ხორციელდება დაზიანებული ფანჯრების აღდგენა, მთლიანად იცვლება წყალკანალიზაციის ქსელი. თურქული ტუალეტების სანაცვლოდ ეწყობა თანამედროვე ფურნიტურით აღჭურვილი ტუალეტები, სადაც ემატება სპეციალიზირებული კაბინები შშმ პირთათვის. საკლასო ოთახებში მონტაჟდება მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, ტარდება სამღებრო სამუშაოები, იცვლება იატაკი, ჭერში მონტაჟდება თანამედროვე, მეტად ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება.
რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლებშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია და მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში და საბავშვო დაწესებულებებში. აღნიშნული მასალების გამოყენების ვალდებულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული „სამშენებლო მასალათა სპეციფიკაციის“ თანახმად ენიჭება.