მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში ახალი სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა გახსნეს.

სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 
შენობა თანამედროვე, ვიტრაჟული ტიპისაა, აქვს აკუსტიკური ჭერი და ვინილის იატაკი, რომელიც მდგრადია და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უცვლელ ვიზუალს ინარჩუნებს, აღჭურვილია ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

სკოლაში ფუნქციონირებს რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი, რომელის 100 მაყურებელზეა გათვლილი და აქვს შესაძლებლობა უმასპინძლოს ხელბურთის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის რეგიონალურ ჩემპიონატებს.

ახალი სკოლის გახსნას ადგილობრივები განსაკუთრებული ზეიმით შეხვდნენ, რადგან ძველი შენობა, რომელშიც სკოლა 1908 წლიდან ფუნქციონირებდა არასტანდარტული ხის ნაგებობა იყო და მისი რეაბილიტაცია გასული წლების განმავლობაში არასდროს განხორციელებულა. მოშლილი სასკოლო ინფრასტრუქტურა მოსწავლეების ახლომდებარე სოფლების საჯარო სკოლებში გადინებას იწვევდა. ახალი სკოლის გახსნის შემდეგ კი, ნაბეგერაოს სკოლის მოსწავლეები თავიანთ სოფელში, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.