28 იანვარს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტუის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი თბილისის N61-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და სკოლის სახურავზე დამონტაჟებული, მზის ფოტოელექტრო სისტემა დათვალიერეს.
სისტემა საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის, 77.76 კვტ პიკური სიმძლავრისაა. სამონტაჟო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შპს „მზის სახლმა“ განახორციელა.
ევროკავშირში არსებული ნორმების და სტანდარტების შესაბამისი ფოტოელექტროენერგიის გენერაციის დანადგარები, რომლებიც დამონტაჟებულია სკოლის შენობის სახურავზე, წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს, მედეგია ნებისმიერი მეტეოროლოგიური პირობების მიმართ და ექსპლოატაციის ვადა 25 წელს აღემატება. ამ მექანიზმით შესაძლებელია სკოლის ელექტროენერგიის წლიური ხარჯის თითქმის 90%-ით შემცირება.
ენერგოდაზოგვის და ეკოლოგიური ეფექტის პარალელურად, მზის ენერგიის გამოყენება სკოლაში ატარებს საგანმანათლებლო ფუნქციას. მოსწავლეები პრაქტიკაში ხედავენ მომუშავე სისტემას და მის კომპონენტებს. მზის სისტემაზე მონიტორინგი, რომელიც ფიზიკის კაბინეტში განთავსებული მონიტორის საშუალებით ხდება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უშუალოდ დააკვირდნენ მზის სისტემის ფუნქციონირებას.