სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ელექტრონულ ტენდერს „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის, რომელიც თბილისში, დავით აღაშენებლის ხეივანის მე-12 კმ-ზე აშენდება.
ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება.
საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნო პარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.
დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დედაქალაქის მერთან კახი კალაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობის დაწყებას კაფსულის ჩადებით ჩაუყარა საფუძველი.