სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 157 მეათეკლასელი მოსწავლე დააჯილდოვა.
წელს საქართველოს მასშტაბით 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდება. აღნიშნული კომპიუტერების შესასყიდად დაიხარჯა 4 076 212 ლარი. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.