გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ სართიჭალის მე-2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ სართიჭალის მე-2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის მიმდინარეობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლის ორ სხვადასხვა მისამართზე მდგომი – ძირითადი და დაწყებითი კლასების კორპუსებს უტარდება.

რემონტდება ორივე შენობის სახურავები, ფასადი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი და ფოიე; რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა, მოხდება სკოლის გაზიფიცირება; გამოიცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. შენობები ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

რეაბილიტირდება სკოლის ეზოები: დაიგება ასფალტის საფარი, გარემონტდება არსებული ღია სპორტული მოედანი, ჭიშკარი და ღობე. ძირითადი კორპუსის ეზოში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული ახალი სპორტული მოედანი.

სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 2 700 000 ლარამდეა, 2022 წლის მაისში დაიწო და 2023 წლის დასაწყისში დასრულდება.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლის 850 მოსწავლეს საშუალება ექნება სრულფასოვანი ზოგადი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს.