წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კოლეჯის მშენებლობა დაიწყო. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. ამ დროისთვის კოლეჯის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სრულად გაითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს; დაწესებულება აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით; სასწავლო სივრცეებთან ერთად მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი. ასევე დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა. კოლეჯი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი იმერეთის რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად პირადად გაეცნო დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს.