სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის გურიის რეგიონის 66 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრა, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2009 წლიდან ახორციელებს, მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.