საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საგანამანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტრი“ს ფარგლებში იმერეთის რეგიონში წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
წელს დაჯილდოება ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე ზესტაფონში დაჯილდოვდა (თერჯოლის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ბაღდათის, ზესტაფონის, ჭიათურის მუნიციპალიტეტების) 298 წარჩინებული მოსწავლე. მეორე ეტაპზე 273 მოსწავლე დაჯილდოვდა ქუთაისში (ქუთაისის, ვანის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები).
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა და მოადგილემ მამია მორალიშვილმა, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და სამტრედიის ახლადარჩეულ მერთან ვალერიან ფოცხვერიასთან, ასევე ვიცე-გუბერნატორთან იოსებ ხახალეიშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად იმერეთის 571 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2470 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2557 მოსწავლეა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.