წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება ქუთაისში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ 335 მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე.

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში წელს 958 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან ქუთაისში – 335.

ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა.