წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, პორტაბელური კომპიუტერებით (ლეპტოპებით) თბილისის N163 საჯარო სკოლის 33 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა.

წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერებით დაჯილდოებას სსიპ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში ახორციელებს.

წელს, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, ჯამში 5 030 796 ლარის ღირებულების ლეპტოპი საქართველოს საჯარო სკოლების 5051 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.