სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2021-2022 წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების დარიგება ქვეყნის მასშტაბით დაასრულა.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი გადაეცა 3832 წარჩინებული მოსწავლეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.