განათლების სამინისტრო აგრძელებს სკოლების განახლებას რეგიონებში. ამჯერად, განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს დირექტორ გრიგოლ გაგოშიძესთან ერთად ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჭოღას საჯარო სკოლას ეწვია, ზაფხულის პერიოდში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს დავით დიხამინჯიას სამინისტროს ჯილდო – სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.
სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღას საჯარო სკოლის მეორე სასწავლო კორპუსში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები სწავლობენ. აქ წლების განმავლობაში არ ჩატარებულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა და ამის გამო, მოსახლეობა სოფელსაც კი ტოვებდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს სასწავლო კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სრულიად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში აგრძელებენ სწავლას. სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და ტექნიკით, მოეწყო სკოლის ეზო, სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, სკოლას ემსახურება სასკოლო ავტობუსი. განახლებულმა სკოლამ ბევრი ბავშვი მეზობელი სოფლებიდანაც მოიზიდა.
სოფლის სკოლაში ბევრი წარმატებული პედაგოგი მოღვაწეობს, მათ შორისაა ბატონი დავით დიხამინჯია, რომელიც 2006 წლიდან ისტორიის პედაგოგად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მალე მას 90 წელი შეუსრულდება, ის ძველებური ენერგიითა და ენთუზიაზმით უძღვება ისტორიის გაკვეთილებს. ბატონი დავითი პედაგოგობამდე განათლების სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ყველგან იყო წარმატებული. დავით დიხამინიჯიამ დამსახურებულად მიიღო ჯილდო, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების სისტემის თანამშრომლებს, მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო გადასცემს.