მიმდინარე წელს თბილისის 115 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 50 სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, წლის ბოლომდე ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, ხოლო ახალი წლიდან დედაქალაქში კიდევ ორი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რიგ სკოლებში დღესაც ხორციელდება ისეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს დირექტორი გრიგოლ გაგოშიძე თბილისის №165 საჯარო სკოლაში პირადად გაეცნენ განხორციელებულ სამუშაოებს. ამ სკოლაში 800-მდე მოსწავლე სწავლობს და იგი ერთ-ერთი სკოლაა, სადაც ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩატარდა. დღეს სკოლის 60% რეაბიტირებულია – გამაგრდა შენობა, გადაიხურა, შეიღება, გაკეთდა კიბეები, ოთხივე სართულზე მოწესრიგდა წყლის გაყვანილობა და სველი წერტილები, 18 საკლასო ოთახი გარემონტდა, მოეწყო სამედიცინო ოთახი და რესურსოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.