ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.
ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლებში დასრულებულ სამუშაოებსა და მიმდინარე სასწავლო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა.
სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – მოწყობილია ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებულია სველი წერტილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 8,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის #1 საჯარო სკოლა 665 მოსწავლეზე, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი.