ქალაქ მარნეულში ახალი პროფესიული კოლეჯი აშენდა

ქვემო ქართლში რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსის“ გარდა, პროფესიული განათლების მიღება უკვე „მოდუსის“ მარნეულის ფილიალში გახდება შესაძლებელი.

 სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ  ქალაქ მარნეულში პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“ ახალი სასწავლო ბაზის მშენებლობა დაასრულა. სასწავლებელი მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას, რადგან გათვლილია 150 სტუდენტზე. თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე; აქვს კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი. აღჭურვილია გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას . ეზოში მოწყობილია გამწვანებული სარეკრეაციო და ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე, ღია სპორტული მოედანი.

 კოლეჯი მარნეულისა და მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებითა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით, ძირითადად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.  პროექტის ღირებულებამ 4 მილ. 680 ათას ლარზე მეტი შეადგინა.