ქალაქ კასპში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ კასპში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვა.
პროფესიული სასწავლებელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ფარცვანიამ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
200 მოსწავლეზე გათვლილი, შენობა სრულად ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. კოლეჯში რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების: ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები მომზადდება. კოლეჯში ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები. სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
აღსანიშნავია, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ახორციელებს 5 პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას და ასევე მიმდინარე წელს დაიწყება ქალაქ ზუგდიდის პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა.