სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი და მისი მოადგილე ტარიელ გუგავა ადგილზე გაეცნენ.
პროექტით სკოლის სამსართულიანი შენობა გათვლილია 650 მოსწავლეზე და მასში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და სასადილო.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში იქნება ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები, მოეწყობა პანდუსი, ღია და დახურული სპორტული მოედნები.
განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.