სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა „განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამჟამად თბილისის N 54 საჯარო სკოლაში შეამოწმეს.
მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს „აისი“ ახორციელებს სკოლის ოთხივე სართულზე მიმდინარეობს და მოიცავს საკლასო ოთახებს, დერეფნებს, კიბის უჯრედებს, სველ წერტილებს და სპორტულ დარბაზს. იცვლება წყალკანალიზაციის ქსელი. ეწყობა თანამედროვე ტიპის ტუალეტები. საკლასო ოთახებში მონტაჟდება ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება, მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, ტარდება სამღებრო სამუშაოები, იცვლება იატაკი.
რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლებშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია.
სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 544 151 ლარია ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.