ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო  აქტიურად ახორციელებს საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და 2027 წლისთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტში 6 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გელა გელაძემ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის პროგრამის ფარგლებში სსიპ – აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.

  სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს თბილისის ისტორიული უბანში მდებარე შენობის რესტავრაცია/ გამაგრება / სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას.  რეაბილიტაციის შედეგად სკოლის ძველი იერსახე სრულად იქნება შენარჩუნებული; პარალელურად სკოლა გახდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სასწავლო ინფრასტრუქტურითა და რესურსებით უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო დაწესებულება.

 სრულად ადაპტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი, სასადილო და სააქტო დარბაზი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

 სამუშაოები, რომლის ღირებულება  8 250 000 ლარზე მეტია, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს და 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. შედეგად, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის 1400-ზე მეტი მოსწავლე და მათი მასწავლებლები სასწავლო პროცესს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს.