ქალაქ თბილისის N214 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ თბილისის N214 (სოფელ კიკეთის კორპუსი) საჯარო სკოლა, 2011 წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ოპტიმიზაციის შედეგად გაუქმდა. სოფელში მოშლილმა სასკოლო ინფრასტრუქტურამ მოსწავლეებისა და მათი ოჯახების თბილისის ცენტრალურ უბნებში მიგრაცია გამოიწვია. ამიტომ 2018 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სოფელ კიკეთის სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი, მოძველებული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.

დღეს, სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა სამუშაოების მიმდინარეობა  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ნათია ზედგინიძეს გააცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის 21 მარტს დაიწყო და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროსტანდარტების შესაბამისი სამშენებლო მასალების გამოყენებით ხორციელდება. რაც, არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შენობის დაცვას გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან, როგორიცაა: წვიმა, თოვლი და სხვა; არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს მავნე ნივთერებებს, მდგრადი, უსაფრთხო და ენერგოეფექტურია.  უზრუნველყოფილი იქნება  სახანძრო სიგნალიზაციის სისტემით.

სკოლის 2 სართულიანი  შენობა ადაპტირებული იქნება შშმ მოსწავლეებზე, აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით; იფუნქციონირებს კომბინირებული ღია სპორტული მოედნი,  საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და ექიმის კაბინეტი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „ლიკანი 2000“. პრეოქტის  სახელშეკრულებო ღირებულებაა 594 700 ლარია.