განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოს საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში თბილისში, სამგორის რაიონში N215 საჯარო სკოლის პატარა ლილოს კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
სკოლაში მიმდინარე სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ მოინახულეს.
2 800 000 ლარამდე ღირებულების პროექტი, რომელიც 2 სართულიანი კორპუსის გამაგრებას, სრულ რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
სამუშაოების ამ ეტაპზე შენობის სახურავი გამოცვლილია, ასევე ძველი ნალესის დემონტაჟისა და შენობის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს იზოალუმინის ფანჯრების, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემების მოწყობა.
რეაბილიტაციის შედეგად სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული სივრცეებით;
ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.
სკოლად სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით;
შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან, 215-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები შეძლებენ ისარგებლონ სრულად რეაბილიტირებული, თანამედროვე და უსაფრთხო საგანმანათლებლო სივრცეებით.