სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის 171-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისის N171 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და მოიცავს შენობის ორივე კორპუსის და ეზოს კეთილმოწყობას.
სამუშაოების პირველ ეტაპზე განხორციელდა შენობის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა შენობის სახურავი და ფასადი; სრულად გარემონტდა ოთხივე სართულზე მდებარე საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ფოიე და ადმინისტრაციული ნაწილი. მოეწყო გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. გამოიცვალა კარები, განათება და იატაკი. ეზოს ნაწილში დაიგო ასფალტის საფარი, გამოიცვალა ღობე და ჭიშკარი.
პროექტის მე-2 ეტაპი ამჟამად მიმდინარეობს და მოიცავს სკოლის მე-2 დამხმარე კორპუსის, ღია სპორტული მოედნის და ეზოს დარჩენილი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს: რემონტდება კორპუსის სახურავი და ფასადი, სპორტული და სააქტო დარბაზები, იცვლება კარ-ფანჯარა და იატაკი, ეწყობა განათების და გათბობის თანამედროვე სისტემა, გასახდელები და სველი წერტილები. დახურული სპორტული დარბაზის პარალელურად სკოლაში მოეწყობა ხელოვნურ საფარიანი, კომბინირებული, გარე სპორტული მოედანი და გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე.
სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წელს დაიწო და 2023 წლის დასაწყისში დასრულდება. მისი საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.