სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქალაქ თბილისის №108-ე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.
პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის მცირე კორპუსის ინტერიერს: გარემონტდა ფოიე, დერეფნები, კიბის უჯრედი, სააქტო დარბაზი გასახდელებით და სველი წერტილები. გამოიცვალა კარ-ფანჯარა, იატაკი, განათება; დამონტაჟდა ელექტრო და წყალგაყვანილობის ახალი სისტემა.
მოეწყო თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი დამატებითი საკლასო ოთახები და მცირე სპორტული დარბაზი. მოსწავლეებს ასევე საშუალება აქვთ ისარგებლონ მრავალფუნქციური ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედნით, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2021 წელს მოეწყო.
300 000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.
შედეგად თანამედროვე და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით სკოლის 1659 მოსწავლე და 104 თანამშრომელი სარგებლობს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.