განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს. სახელოსნო კოლეჯ „ლაკადას“ პრაქტიკული სასწავლო ბაზა იქნება. პროექტის ღირებულება შვიდასი ათასი ლარია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სახელოსნოს მშენებლობის პროცესი მოინახულა და პარტნიორებთან ერთად მისი შემდგომი განვითარების გეგმები დასახა. სოფელი ფოცხო-ეწერი საოკუპაციო ხაზის მომიჯნავე ტერიტორიაზე, ენგურჰესის მიმდებარედ მდებარეობს და ძირითადად დასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, რომელთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ფოცხო-ეწერში სახელოსნოს ფუნქციონირება დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ პრაქტიკული პროფესიული განათლება, რაც შემდგომ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დაეხმარებათ