ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის პროფესიული სასწავლებლების და მათი ფილიალების რეაბილიტაციას და აღჭურვას შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით. სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისი“-ში საერთო საცხოვრებელის და ღია ავტოფარეხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და დაწყებულია მეფუტკრის სახელოსნოს მშენებლობა, ამას გარდა უახლოეს მომავალში სხვა სახელოსნოების მშენებლობაც დაიწყება. საქართველოს მთავრობის N41-ე დადგენილებისა და ნორვეგიული სტანდარტის გათვალისწინებით შესაბამისი ფიზიკური გარემოს მოსაწყობად მიმდინარე წელს კოლეჯს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. პროფესიული კოლეჯი ,,აისი’’ განთავსებულია სპეციალურ კომპლექსში, რომელსაც უკავია 12 ჰა ტერიტორია. აქვს ოთხი ძირითადი ნაგებობა: სასწავლო, საყოფაცხოვრებო, საერთო საცხოვრებლის კორპუსები და ღვინის სახლი. პროფესიული კოლეჯი ,,აისი’’ სამართალმემკვიდრეა კაჭრეთის №137 საშუალო პროფესიული ტექნიკური სასწავლებელის, რომელიც დაარსდა 1980 წელს. 1990 წლიდან კაჭრეთის №137 საშუალო პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი გარდაიქმნა უმაღლესი ტიპის პროფესიულ სასწავლებლად. 1991 წელს მის ბაზაზე შეიქმნა პურპროდუქტების წარმოებისათვის სპეციალისტთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური ცენტრი, რომლის სტრუქტურაშიც შედიოდა პურპროდუქტების წარმოების ეკონომიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი. 1997 წლიდან ეწოდა კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმი.
2007 წელს საქართველოში შემუშავდა პროფესიული განათლების რეაბილიტაციის პრეზიდენტის პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში 2007 წლის სექტემბერში კაჭრეთის პროფესიული ლიცეუმის ბაზაზე გაიხსნა პროფესიული სწავლების ცენტრი. 2011 წლის 17 მაისიდან კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს ეწოდა პროფესიული კოლეჯი ,,აისი’’. 2012 წლის 6 თებერვალს მის ბაზაზე დაფუძნდა საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“. ამჟამად კოლეჯი წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.