სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქალაქ რუსთავის მრავალპროფილური პროფესიული სასწავლებლის „მოდუსის“ სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, პირველ ეტაპზე, სასწავლებლის ორ კორპუსში მიმდინარეობს და რეავტორიზაციის პროცედურის დაწყებამდე დასრულდება.

სასწავლებელი, რომელიც ამჟამად 4 სასწავლო პროგრამას ახორციელებს და მხოლოდ 100 პროფესიულ სტუდენტს ემსახურება, სრული რეაბილიტაციის დასრულების შედეგად შეძლებს პროგრამების რაოდენობის 16-მდე გაზრდას და საბოლოოდ 1000 სტუდენტის მომსახურებას – განაცხადა სასწავლებლის ხელმძღვანელმა კარლო კერვალიშვილმა.