განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და სსიპ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი წელს დაარსებიდან 140 წელს აღნიშნავს: პირველი სასწავლებელი „წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა“ საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა ილია წინამძღვრიშვილმა 1883 წელს საკუთარ მამულში, თავისი სახსრებითა და საზოგადოების დახმარებით გახსნა. მოგვიანებით, 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, სადაც ისწავლებოდა მიწათმოქმედება, მებაღეობა, მევენახეობა, მეღვინეობა, მებოსტნეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა და მეტყევეობა.
კოლეჯში სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ეტაპობრივად ახორციელებს:
სამუშაოების პირველი ეტაპზე სრულიად რეაბილიტირდა 700 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის სამსართულიანი სასწავლო კორპუსი; მოეწყო ევრო სტანდარტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო პროგრამების ლაბორატორიები; ფიზიკის, ბიოლოგიის და ქიმიის კაბინეტები. სრულად აღიჭურვა ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკით, თანამედროვე ხელსაწყო-იარაღებით და ინვენტარით; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მოეწყო პანდუსები და ლიფტი.
შემოიღობა სასწავლებლის მთლიანი ფართობი, მოეწყო წყლის ჭაბურღილები და მიწისქვეშა რეზერვუარები. დამონტაჟდა გაზ-გაყვანილობისა და კანალიზაციის ახალი სისტემა; აღდგა დენის მიწოდება.
აშენდა ცალკე მდგომი მეფუტკრეობის ლაბორატორია-სახელოსნო; მოეწყო რეკრეაციული და სანერგე სივრცეები: აგრარული სპეციალობის პრაქტიკული სწავლებისთვის გაშენდა ვაზის და მეხილეობის ნაკვეთები, მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა. აიგო გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით უზრუნველყოფილი სასათბურე კონსტრუქციები.
სამუშაოების შემდეგ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია/რესტავრაცია ჩაუტარდა კოლეჯის ისტორიულ შენობას, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლებში აშენდა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს. სრულად რეაბილიტირებულ შენობაში განთავსებულია ადმინისტრაციული, სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები; შენობის სამუზეუმო ნაწილში დაცულია ილია წინამძღვრიშვილისა და მისი მეუღლის კუთვნილი ნივთები და ავეჯი.
კოლეჯის ძირითადი სასწავლო პროფილისა და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, სრულად რეაბილიტირდა, „აგრომექანიზაციის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად საჭირო, სატრაქტორო პარკი, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ტრანსპორტით, ტექნიკური მომსახურების სასწავლო სახელოსნოთი, სხვადასხვა ტექნიკით, ავეჯითა და ინვენტარით აღჭურვილი კაბინეტებით.
ამჟამად სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, “ისტორიული მარნის” რეაბილიტაცია/რესტავრაციის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები 2023 წლის ნოემბერში დასრულდება და მასში აღდგება ღვინის ისტორიული საცავი; განთავსდება მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკული მეცადინეობების, კაბინეტ-ლაბორატორიებისა და ღვინის ტექნოლოგიური გადამამუშავებელი სივრცეები.
პარალელურად მიმდინარეობს 100 სტუდენტზე გათვლილი სასწავლებლის ორსართულიანი კამპუსის სრული რეაბილიტაცია. კოლეჯში სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებული და მიმდინარე რეაბილიტაცია/რესტავრაციის პროექტის ჯამური ღირებულება: 4 500 000 ლარზე მეტია.